პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამა
კარდაკარი პოლიტიკიდან „ახალი მემარჯვენეების“ ჩამოცილებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ჩიხრაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით ამ დღეებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მასშტაბით ძვირადღირებული პარტიული „კარდაკარის“ აქცია დაიწყო.
ჩიხრაძის თქმით, მმართველი პარტიისგან არც პროექტის მასშტაბურობა და სიძვირე გაუკვირდებოდა ვინმეს და არც წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის განწყობის გაგებისა და მისი სათავისოდ მიმხრობის სურვილი, თუმცა, მაგრამ ის კითხვარი, რომლითაც „კარდაკარი“ ტარდება, მთელი საქართველოს მასშტაბით ორ საკმაოდ საჩოთირო და მძიმე საკითხს მოიცავს.
„როდესაც ,,ნაციონალური მოძრაობა“ ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებულ ინიციატივას 1 000–ლარიანი ვაუჩერის დარიგების თაობაზე მოსახლეობას სთავაზობს როგორც პარტიულ ინიციატივას, ეს არის საბიუჯეტო სახსრებით ამომრჩევლის მოსყიდვის (გადაბირების) შეუფარავი მცდელობა და ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გახდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესწავლის საგანი“ - განაცხადა ჩიხრაძემ.
მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ამ კითხვარით მომავალ პარლამენტში მისთვის სასურველი პოლიტიკური განლაგების ღია პროპაგანდას ეწევა.
„როცა შეკითხვა დასმულია ამომრჩევლისთვის სასურველი პოლიტიკური არჩევანის თაობაზე, პასუხებში მხოლოდ სამი პოლიტიკური ძალაა ჩამოთვლილი „ ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ და „ქდმ“ - განაცხადა ჩიხრაძემ და დასძინა რომ ქვეყანაში, სადაც მმართველი პარტია სრულად შერწყმულია ხელისუფლებასთან, ამ კითხვარით არჩევნების წინ საქართველოს მოსახლეობას ღიად პროპაგანდისტულ მესიჯს უგზავნის, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ეს ძალები სურს (აწყობს) მომავალ პარლამენტში.
მისი თქმით, მიუხედავად ხელისუფლების დიდი მცდელობისა, ისინი ,,ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკიდან ჩამოშორებას ვერ შეძლებენ.

















