პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მთავარი
საბჭოს წევრის და რეგიონალური ხელმძღვანელის ზაზა სოფრომაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
შაშიაშვილის განმარტებით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ხალხის დაშინებას ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობს, სოფრომაძის დაკავება კი - ამის ერთ-ერთი მაგალითია.
„ვერ დაგვაშინებენ. ხალხის განწყობის გამო შეშინებულები თვითონვე არიან და იმიტომ იქცევიან ასე. ყოველი ღირსეული ადამიანისთვის უპირველესია ოქტომბრის არჩევნებზე ამ ნეობოლშევიკური
ხელისუფლებისგან საქართველოს გათავისუფლება“ - აცხადებს შაშიაშვილი.
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი და რეგიონალური ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე წუხელ საკუთარი სახლიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა წაიყვანეს. მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სოფრომაძე დაკავებული არ იყო და მას მოწმის სტატუსით კითხავენ.
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, კითხვები მის ყოფილ საქმიანობას უკავშირდება, თუმცა, კონკრეტულად რა საკითხს ეხება, ჯერჯერობით უცნობია.
სხვადასხვა პერიოდში ზაზა სოფრომაძე მუშაობდა საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის წყალტუბოს ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტის გამგედ, სანატორიუმ „თბილისის” მთავარი ექიმის მოადგილედ, სანატორიუმ „სამგურალის” მთავარ ექიმად.
2004 წლიდან ის სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ კი, ამავე ფონდის გენერალური დირექტორი იყო.
2008 წლიდან იგი სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფში” სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორად მუშაობდა.
სოფრომაძე 1995 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და სოციალური დაცვის და შრომითი ურთიერთობების ქვეკომიტეტს თავმჯდომარეობდა.

















