პარლამენტარის, პარტია „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, ხელისუფლება პოლიტიკური
ოპონენტების მიმართ პირდაპირ რეპრესიულ ღონისძიებებს ატარებს.
ამის შესახებ ბაღათურიამ „ნიუსპრესს“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის კახი კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შეფასებისას განუცხადა.
„პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმამდე კალაძის ანგარიშები არავის დაუყადაღებია. ეს არის კახი კალაძის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, ბანდიტური დევნა“ – აღნიშნა ბაღათურიამ.
დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლება, შესაძლოა, პოლიტიკურ წნეხს ახორცილებდეს, მაგრამ ის, რაღაც ჩარჩოში მაინც უნდა ჯდებოდეს.
„ესენი არიან პირდაპირ კრიმინალები. ეს არის პირდაპირი, აშკარა რეპრესია ოპონენტების მიმართ“ – მიაჩნია „ქართული დასის“ ლიდერს.
მისივე თქმით, ამის გამო, პრეზიდენტით დაწყებული და რიგითი დამყადაღებლით დასრულებული, პასუხს ყველა აგებს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებს, 25 ივლისს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის გადაწყვეტილებით ყადაღა დაედო.

















