პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი მსჯავრდებულ მელორ ვაჩნაძის სეფსის ცენტრში გადაყვანას მოითხოვს.
აღნიშნულის შესახებ ცაგარეიშვილმა დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მოძრაობა „არას“ წევრები ლევან ჩიტაძე, თინათინ ნიბლოშვილი და დაჩი ცაგურია ესწრებოდნენ.
დეპუტატის შეფასებით, მელორ ვაჩნაძე საქართველოში არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ერთ-ერთი აქტიური მებრძოლია და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს მას ჯანმრთელობა შეურყიოს.
„მოვითხოვთ, რომ მელორ ვაჩნაძე სეფსისის ცენტრში დაუყოვნებლივ გადაიყვანონ, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, მელორ ვაჩნაძის ოჯახის წევრებს ეუბნებიან, რომ პატიმრის სეფსისის ცენტრში გადაყვანის შემთხვევაში, ბადრაგის ფული მისმა ოჯახმა უნდა გადაიხადოს.
„გლდანის მე-18 დაწესებულებაში საშუალება არ არის, რომ მელორ ვაჩნაძეს ოპერაცია ჩაუტარდეს, ამ ოპერაციის ერთადერთი საშუალებაა სეფსისის ცენტრში და არა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“– აღნიშა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, ვაჩნაძეს რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, ასევე, მას სისხლი აქვს მოწამლული, სხეულზე გაუჩნდა იარები, სისხლჩაქცევები, სისხლძარღვების კედლები გათხელებული აქვს და ჯერ უცნობია დაავადება რომელ სტადიაზეა.
მელორ ვაჩნაძე გუშინ რუსთავის მე–16 სასჯელააღსრულების დაწესებულებიდან გლდანის მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მელორ ვაჩნაძე 2009 წელს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

















