საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO), საქართველოს პირველი დემოკრატიული
რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ICAO-ში, კონსტანტინე ქავთარაძემ მიმართა. თავის სიტყვაში მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოს ისტორიაზე, 1918 წელს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებასა და დამოუკიდებლობის პირველ წლებზე ისაუბრა.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში, კონსტანტინე ქავთარაძემ საქართველოში საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები მიმოიხილა. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ჰაბად ყალიბდება, მათ შორის, საჰაერო გადაზიდვებისა და მომსახურების სფეროში. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ქართველ ავიატორებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც 1918-1921 წლებში ქართულ სამხედრო ავიაციას საფუძველი ჩაუყარეს.
აღსანიშნავია, რომ ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, საქართველოს საერთო მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდა. პირველად საქართველოს ავიაციის ისტორიაში, ICAO-ს წევრი სახელმწიფოების მსოფლიო რეიტინგში საქართველომ 106-ე ადგილიდან 30-ე ადგილზე გადაინაცვლა.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა საზეიმოდ გახსნა .
ღონისძიებას ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტი ოლუმუივა ბენარდ ალიუ, ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტები და ICAO-ში სხადასხვა ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსადმი მიძღვნილი ამგვარი ღონისძიება ICAO-ში პირველად გაიმართა.

















