საქართველოში მიმდინარე წლის დეკემბერში ფუნქციონირებას საუდის არაბეთის საელჩო
დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ მხარეს ოფიციალურად აცნობა. ნოტაში ასევე აღნიშნულია, რომ საუდის არაბეთის საელჩოს დიპლომატების ჯგუფი საქართველოში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში მიიღო.
აღსანიშნავია, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყურის რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და სწორედ ამ მიზნით 2014 წელს საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში საქართველოს საელჩო გაიხსნა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები და ტურიზმი. თავის მხრივ საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს მხარეების სურვილს, არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და გაღრმავებას ხელი შეუწყონ.

















