საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში
საქართველოს საელჩოში, ნორვეგიაში მცხოვრები ქართული დიაპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა საქართველო ნორვეგიის ურთიერთობაზე ისაუბრა, საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმა, ასევე, სკანდინავიურ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ყურადღბა გაამახვილა. დავით ზალკალიანმა ოსლოში მცხოვრებ ქართველებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგით გათვალისწინებულ გეგმებზე, უკვე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და მიღწევებზე ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს ასევე, დიასპორასთან დაკავშირებული ცალკეული ინიციატივები გააცნო და კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა და მათი ქვეყნის განვითარებაში ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე, დიასპორასთან დაკავშირებით ერთიანი პორტალის იდეას შეეხო, რომელის პრეზენტაციაც სამინისტროში ახლო მომავალში გაიმართება, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს პლატფორმა ქართული დიასპორის წარმომადგენებს საშუალებას მისცემს, საქართველოს სახელმწიფოსთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ, ასევე ერთმანეთთან და მათთვის ხელმისაწვდომი გახდება, როგორც ინფორმაცია, ასევე უშუალოდ ბევრი სახელმწიფო სერვისი და მთავრობის ცალკეული პროგრამები. დიასპორის წარმომადგენლები აღნიშნულ ინიციატივას მიესალმნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიასპორის უმნიშვნელოვანეს როლს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციის საქმეში. როგორც დიასპორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ნორვეგიელი ტურისტები საქართველოთი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან, რაც ნორვეგიულ პრესაშიც აისახა, კერძოდ ნორვეგიაში ცნობილმა ტურისტულმა ჟურნალმა Aftenposten Norway საქართველო ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნების სიის სამეულში შეიყვანა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს მათი ინიციატივების, პროექტების და იდეების რეალიზაციაში დახმარება აღუთქვა, რაც საქართველოსა და ნორვეგიის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას და ჩვენი ქვეყნის პოპულარობას ხელს შეუწყობს.

















