საქართველოსთვის ნომერ პირველ საფრთხეს კვლავ რუსეთის სამხედრო პოლიტიკა წარმოადგენს.
ამის შესახებ დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტებს საერთაშორისო პროექტის „საქართველო-უკრაინა - უსაფრთხოების ბარომეტრი“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.
კვლევა ჩატარდა ქართველი და უკრაინელი ესქპერტების მიერ, იგი საქართველოსა და უკრაინის როგორც საგარეო, ისე საშინაო საფრთხეებს ეხება.
ფხალაძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეები განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს „კავკასია 2012“-ს და საზღვრებზე არსებულ ვითარებას შეეხება. უკრაინაში კი, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას რუსული ენისთვის სახელმწიფი ენის სტატუსის მინიჭება წარმოადგენს.
„საქართველოს და უკრაინას ბევრი განსხვავებული და, ამასთანავე, საერთო პრობლემები გააჩნიათ, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის კუთხით, და ეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაა. სავაჭრო ომები და ეკონომიკური სანქციები რუსეთის მხრიდან საქართველომ უკვე გაიარა, ანალოგიური მდგომარეობა ახლა უკრაინაშია, რომელიც გაზის ომით დაიწყო და ხორცისა და ყველის ომით გაგრძელდა“ - განაცხადა ქართველმა ექსპერტმა.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებს, საქართველოსთვის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ეკოლოგიურმა საფრთხეებმა იმატა.
ამასთან, უკრაინელი ექსპერტის სერგეი დამსკოს შეფასებით, მსგავსი კვლევების ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან საფრთხეების დროულად გამოვლენის შემთხვევაში, მისი მინიმალიზება შესაძლებელია.
დამსკო იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პროექტი ერთი წლის შემდეგაც გაგრძელდება და მასში სხვა ქვეყნებიც აქტიურად ჩაერთვებიან.
ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, ქართულ-უკრაინული მორიგი კვლევა რუსეთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს „კავკასია 2012“ -ს შეეხება, რომლის პრეზენტაცია სექტემბრის ბოლოს კიევში შედგება.

















