საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ფინეთში ვიზიტის ფარგლებში ფინეთში
მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა მათ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა, როგორც ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების, ასევე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების შესახებ. მინისტრმა საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაზე და ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დიასპორის საკითხებზე მუშაობის პრიორიტეტულობას ხაზი გაუსვა და ის მრავალი ინიციატივა თუ პროექტი აღნიშნა, რომლის განხორციელებაც სამინისტროს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად დაგეგმილი აქვს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ფინეთში საქართველოს მცირერიცხოვანი დიასპორა ჰყავს, თუმცა ისინი ფინეთის საზოგადოებაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების, ქვეყნის პოპულარიზაციის და ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გაუმჯობესებაში დიდ როლს თამაშობენ. განსაკუთრებით აღინიშნა ტურიზმის მიმართულებით არსებული დიდი პოტენციალი. მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, რომლებიც ფინელი ტურისტებისა და ვიზიტორების საქართველოში მოზიდვით აქტიურად არიან ჩართულები. ასევე, ხორციელდება მრავალი პროექტი ორი ხალხისა და ქვეყნის კულტურული დაახლოებისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული საკვირაო სკოლების დიდ მნიშვნელობას, დიასპორის წარმომადგენლებში ქართული ენისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, ამ მხრივ დიასპორის წარმომადგენლები მიესალმნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოს შექმნის შესახებ, რომლის პრეზენტაციაც ახლო მომავალში გაიმართება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, დიასპორის წარმომადგენლები დაინტერესედნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობით და მოისმინეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა თავშესაფრის მაძიებელთა ბოროტად გამოყენების შემთხვევების პრევენციისთვის.
დიასპორის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობით, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივით და ასევე საქართველოს სამთავრობო პროგრამის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ დეტალებით. დავით ზალკალიანი ფინეთს მიმდინარე წლის 11-12 ნოემბერს ეწვია სკანდინავიური ქვეყნების ტურნეს ფარგლებში.

















