საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ ( რეზიდენციით ქ. მადრიდი) რწმუნებათა სიგელები
გადასცა ანდორის სამთავროს კო-პრინცს, ურხელის ეპისკოპოსს, ჟოან ენრიკ ვივეს ი სისილიას.
ანდორის სამთავროში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ანდორის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარია უბაჩ ფონტთან.
სამინისტროს პრერსსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. ანდორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს კულტურულ-ჰუმანიტარული განზომილებების შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე. გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
შეხვედრის დასასრულს, ანდორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ილია გიორგაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისთვის.

















