საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ რწმუნებათა სიგელები
ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, პაოლა-მეი უიქსს გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ისე კარიბის ზღვის აუზის რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში.
ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა და ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების აუცილებლობას ხაზი გაუსვა. მხარეებმა ასევე, კულტურულ-ჰუმანიტარული განზომილებების შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მხარეებმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების განმტკიცებასა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე გაამახვილეს ყურადღება.
ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, დავით სოლომონიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩის რანგში, ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისთვის იგი ძალისხმევას არ დაიშურებს.
ოფიციალურ ცერემონიას ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

















