ნიდერლანდებში, დახურულ კლუბ “Sociëteit De Witte”-ში დისკუსია გაიმართა თემაზე „საქართველოს
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წელი: გამოწვევები მაშინ და ახლა“.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში, კონსტანტინე სურგულაძემ ღონისძიებაში სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ელჩმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ელჩმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის მნიშვნელობაზე და ამჟამად საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
„ზუსტად 100 წლის წინ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც დემოკრატიულ და ევროპულ პრინციპებზე იყო დაფუძნებული. ჩვენ აღმოსავლეთ ევროპელები ვართ და ევროპას ვეკუთვნით“- განაცხადა კონსტანტინე სურგულაძემ.
საქართველოს ელჩმა ასევე, ქვეყნის თანამედროვე ისტორიასა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციის შესახებ ისაუბრა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე, ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფრანსუაზა კომპანიენმა და „საერთაშორისო მაგიდის“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და საერთაშორისო მოლაპარაკებების ანალიტიკოსმა, პოლ მეერთსიმ მიმართეს.
აღსანიშნავია, რომ კლუბ “Sociëteit De Witte” -ის წევრები ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ექსპერტები, ანალიტიკოსები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები არიან.

















