პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“ ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდამჭერ აქციას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ პარტიის საერთაშორისო მდივანმა თეიმურაზ მურვანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გადააბიჯა.
როგორც მურვანიძემ აღნიშნა, მაშინ, როდესაც მთელი ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისკენაა მიპყრობილი, მმართველი გუნდი არ ერიდება თავდასხმებს და ზეწოლას დემოკრატიის აუცილებელ კომპონენტზე - დამოუკიდებელ მედიაზე და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ყველა უკანონო მეთოდით ცდილობს.
„იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლება მოეგებოდა გონს და გაითვალისწინებდა ქართველი ერის და უცხოელი მეგობრების რჩევებს და მოწოდებებს სამართლიანი არჩევნების შესახებ, თუმცა, მმართველი გუნდი უკვე გასცდა იმ ნიშნულს, საიდანაც კანონიერებისა და სამართლიანობის ჩარჩოებში დაბრუნება შესაძლებელი იყო. ახლა ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება არ დაიშურებს რესურსებს არჩევნების გასაყალბებლად“ - განაცხადა მურვანიძემ.
„საქართველოს გზა“ მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას, საერთაშორისო თანამეგობრობას და სადამკვირვებლო მისიებს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რათა მმართველი გუნდი იძულებული გახდეს, არჩევნებში კანონიერების და სამართლიანობის პრინციპები დაიცვას.

















