პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სხდომაზე, პირველი მოსმენით,
ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა და მხარი ერთხმად დაუჭირა „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკითხზე მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაში განსაკუთრებით საყურადღებო ის ფაქტორია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია მნიშვნელოვანად იზრდება.
მისივე თქმით, საკმაოდ მასშტაბურია ის ცვლილება, რაც ყაზბეგის ეროვნული პარკის საზღვრებმა განიცადა. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემდეგ, ეროვნული პარკის ტერიტორია, რომლის ფართობიც 69 518 ჰა იყო, გახდება 78 201 ჰა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამინისტრო ამ საკითხზე, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, თითქმის ორი წლის განმავლობაში მუშაობდა სადაც ასევე, ჩართული იყო ექსპერტთა ჯგუფიც.
„გერმანიის მთავრობისგან ასევე არის მზადყოფნა, რომ მომდევნო წლებში ჩვენ გრანტის სახით მივიღოთ შესაბამისი თანხები, რათა შედგეს ამ გაფართოებული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმები, ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სხვა ტურისტული რეკრეაციული მიზნისთვის შესაბამისი პროექტები. ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაც მაქსიმალურად იქნება ჩართული“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოებასთან ერთად, კანონპროექტის მიზანია ასევე, კინტრიშის დაცული ლანდშაფტისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის რეკლასიფიკაციის შედეგად კინტრიშის ეროვნული პარკისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ჩამოყალიბება, აგრეთვე ალგეთის ეროვნული პარკის, კინტრიშის დაცული ტერიტორიების (კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი და კინტრიშის ეროვნული პარკი), ჭაჭუნის აღკვეთილის, ყორუღის აღკვეთილის, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და თეთრობის აღკვეთილის დემარკაციის შედეგად მიღებული ზუსტი კოორდინატების ასახვა კანონში.
მნიშვნელოვანია, რომ ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია შესაბამისი დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც აყვანილი იქნებიან ახალი თანამშრომლები, რომელთა აღჭურვილობის შეძენა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) გრანტის ფარგლებში მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობიდან შეირჩევა და მათ შესაბამისი სასწავლო კურსები ჩაუტარდებათ.
რაც შეხება „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, მის მიზანს ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის, ილტოს აღკვეთილის, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის, ვაშლოვანის ეროვნული პარკის, ალაზნის ჭალის ბუნებრივი ძეგლის, ტახტი-თეფას ბუნების ძეგლისა და არწივის ხეობის ბუნებრივი ძეგლის დემარკაციის შედეგად მიღებული ზუსტი კოორდინატების კანონში ასახვა წარმოადგენს.
მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ“ შეთანხმების თაობაზე დოკუმენტი კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა და კომიტეტის წევრებს ამ საკითხის მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია. კომიტეტმა საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.
კომიტეტმა სხდომაზე მოახდინა საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება, რომლის მიხედვით მომზადებული კანონპროექტები „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონში „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონში „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შემდგომი პროცედურისთვის შესაბამის სტრუქტურებს წარედგინება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავას განცხადებით, სანამ პარლამენტში შემოვა ახალი ტყის კოდექსი, რომლითაც ახლებურად დარეგულირდება ტყის მართვა, საშური საქმეა ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება და ამ მიზნით ცვლილებები უნდა შევიდეს ტყის შესახებ მოქმედ კოდექსში. ამ ცვლილების შესაბამისად, ტყის მცველები ზედამხედველობის უწყებაში გადავლენ და, შესაბამისად, გაიმიჯნება ტყის მართვისა და ტყის მცველთა ფუნქციები. კახაბერ კუჭავას თქმით, ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელია ტყის უფრო ეფექტური მართვისთვის, როდესაც გარემოს დაცვაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები ერთი სტრუქტურის ქვეშ მოიყრის თავს. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სწორია, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისითა ასევე, გამართლებულია სოციალური თვალსაზრისითაც, ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ტყის მცველთა ხელფასებიც გაიზრდება.
წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებზე კომიტეტმა ორი მომხსენებელი განსაზღვრა - კახაბერ კუჭავა და სულხან მახათაძე.

















