მსჯავრდებული მელორ ვაჩნაძე დღეს №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს განცხადებით, ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სასჯელის მოხდის პერიოდში არასდროს ყოფილა კრიტიკული, ასევე, პაციენტი სამედიცინო დეპარტამენტის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„მელორ ვაჩნაძე პატიმრობის პერიოდში არაერთხელ იყო გადაყვანილი როგორც №18 სამკურნალო დაწესებულებაში, ისე სამოქალაქო სექტორის კლინიკაშიც. მსჯავრდებულს წარმოდგენილი ჩივილებიდან გამომდინარე, სრულყოფილი გამოკვლევა ჩაუტარდა და მკურნალობა დაენიშნა“ - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, პაციენტს დამატებითი გამოკვლევების ჩატარებისა და შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკის შერჩევის მიზნით, არაერთხელ შესთავაზეს №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, რომელსაც განემარტა, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მოხდებოდა ყველა საჭირო გამოკვლევების ჩატარება და უზრუნველყოფილი იქნებოდა სეფსისის ცენტრის სპეციალისტის კონსულტაციით, რომელიც განსაზღვრავდა მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანის აუცილებლობას.
„მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 14 ივლისს პაციენტმა უარი განაცხადა №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადასვლაზე, ხოლო 18 ივლისს გადავიდა აღნიშნულ დაწესებულებაში, მაგრამ კვლავ უარი განაცხადა შეთავაზებულ გამოკვლევებსა და სეფსისის ცენტრის სპეციალისტის კონსულტაციაზე. 26 ივლისს, მედპერსონალის დაჟინებული შეთავაზებების შემდეგ, პაციენტმა თანხმობა განაცხადა გამოკვლევებზე და შესაბამისად, მყისიერად გადაყვანილ იქნა №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც კვალიფიციური ექიმები, მათ შორის სეფსისის ცენტრის სპეციალისტი, ჩაუტარებენ საჭირო გამოკვლევებს და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას განსაზღვრავენ“ - აცხადებენ სამინისტროში.
ვაჩნაძის ადვოკატის განცხადებით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სასჯელაღსრულების სამინისტროს მელორ ვაჩნაძის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის რეკომენდაცია სახალხო დამცველმაც მისცა.

















