საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის შეფასებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ
პარტიების ქცევის წესების გაზიარებაზე უარის თქმა საფუძვლიან ეჭვებს ბადებს.
მისი თქმით, ქცევის წესები არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება, არამედ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც საზოგადოების წინაშე ვალდებულების გრძნობა აქვს.
„ის, რომ „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული არჩევნების შედეგების ცნობაზე, ბევრ კითხვას ბადებს და ეჭვს აჩენს - კოალიციას მართლა სურს კონკურენტუნარიანი სამართლიანი არჩვენები, თუ სხვა რამისთვის ემზადება“ - აღნიშნა მმართველი პარტიის წევრმა.
მისივე თქმით, დეკლარაციაზე ფაქტობრივ ხელმოწერას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მმართველი პარტიისთვის მთავარი პოლიტიკური ძალების მხრიდან გამოვლენილი პოზიცია იყო.
პოლიტიკური პარტიების ქცევის წესების დეკლარაციაზე ამ დრომდე ხელი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მოუწერია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიისთვის ერთობლივი დეკლარაციის მიღებას სთავაზობს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკლარაციის ხელმომწერმა პარტიებმა, მიუხედავად მრავალ საკითხთან დაკავშირებით არსებითი განსხვავებისა, უნდა აღიარონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.
„ვაცნობიერებთ რა საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისთვის ძირითად საკითხებზე შეთანხმების აუცილებლობას, ვაწერთ ხელს წინამდებარე დეკლარაციას და საჯაროდ ვაცხადებთ - უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია“ - ნათქვამია დეკლარაციაში.

















