ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა მიმართ ძალადობისა
და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენება წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც ნატო-ს პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში მოკავშირეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო თუ ინსტიტუციურ ცვლილებებზე.
კერძოდ, ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე, ასევე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა საქართველოს მთავრობის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია.
შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებათა და ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
სოფო ჯაფარიძემ კომისიის სხდომაში მონაწილე პირებს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

















