საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კახეთში პირად წარმომადგენლად ყოფილი გენერალური აუდიტორი ლევან ბეჟაშვილი დანიშნა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბეჟაშვილი სათავეში ჩაუდგება კახეთის აღდგენისა და აღორძნების შტაბს და იმ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებებს ახორციელებს, ის, ასევე, კოორდინაციას გაუწევს რთველს.
სააკაშვილის განცხადებით, ბეჟაშვილს სახელმწიფო თანხის განკარგვის დიდი გამოცდილება აქვს, რაც მოვალეობის შესრულების დროს მას გამოადგება.
„ძალიან ვაჟკაცური საქციელია, რომ დატოვე მაღალი თანამდებობა და კონტროლის პალატის ხელმძღვანელის პოსტს მშობლიური კუთხის, კახეთის დახმარება ამჯობინე. მართალია, მსხვერპლი არ იყო და ამ მხრივ გადავრჩით, მაგრამ მსგავსი მასშტაბის ნგრევა საქართველოს არ ახსოვს“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტმა ძალიან დიდი თანხა გამოყო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. ჯამში, ამ თანხამ შესაძლოა, რამდენიმე ასეულ მილიონი შეადგინოს. მისივე თქმით, დახმარება არა მხოლოდ კახეთს, არამედ მცხეთა-მთიანეთს და სამცხე-ჯავახეთსაც სჭირდება.
როგორც ბეჟაშვილმა განმარტა, დაახლოებით, 1045 სახლი და 109 კორპუსია დაზიანებული.
„დანაპირებს ბოლომდე შევასრულებთ და გაჭირვებასთან პირისპირ არავის მივატოვებთ. ხალხმა დაინახა, რომ მთავრობა ეფექტიანია და მოწოდების სიმაღლეზე დგას“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ გადარჩენილ ვენახებში საუკეთესო რთველი უნდა ჩატარდეს.
ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის ყურძნის უკეთესი ჯიშები უნდა შევიდეს კახეთში და ხალხმა კარგი მოსავალი მიიღოს.

















