საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რეგიონის სხვა ქვეყნის პარლამენტარებთან ერთად, ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის (Global TB Caucus) მიერ გამართულ მესამე გლობალურ სამიტის ფარგლებში ევროპის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
აკაკი ზოიძემ, როგორც სესიის თავმჯდომარემ, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ტუბერკულოზთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეროვნულ პარლამენტებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებში მდგრადობის შენარჩუნება გლობალური ფონდისა და სხვა დონორების დახმარების შემდგომ პერიოდში. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რეგიონული პარლამენტართა ჯგუფი მზადაა სამოქალაქო საზოგადოებასთან ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს გლობალური ფონდის პროექტების გარდამავალი პროცესის წარმატებულ მიმდინარეობას.
შეხვედრაზე ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებით მკურნალობისას იძულებითი იზოლაციის როლი და მისი შედეგებიც მიმოიხილეს.
შეხვედრას მოლდოვის, აზერბაიჯანის, დანიის, გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
სამიტის ფარგლებში, აკაკი ზოიძე ტუბერკულოზის მედიკამენტების განვითარების გლობალური ალიანსის - „ტბ ალიანსის“ ვიცე პრეზიდენტს სანდიპ იუნეხას შეხვდა. შეხვედრის თემას ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ახალი მედიკამენტების განვითარებასა და დანერგვასთან დაკავშირებულ მიღწევები და გამოწვევები წარმოადგენდა.
ტუბერკულოზის გლობალური სამიტის ბოლოს, 30-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტარმა, ტუბერკულოზის მაღალი დონის შესახებ ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის (Global TB Caucus) დეკლარაციას მოაწერა ხელი.

















