საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ევროპის
სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღო, რომლებიც საქართველოს მარშალის გერმანული ფონდის ეგიდით სტუმრობენ.
საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და პოლიტიკური რეფორმები და მომავლის პერსპექტივები საუბრის მთავარი თემა იყო.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ სტუმრებს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო. მან საკონსტიტუციო რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.
საუბარი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობასა და დეოკუპაციის სტრატეგიას, ასევე, დევნილთა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას შეეხო. შეხვედრაზე ეროვნული უმცირესობების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.
მხარეებმა საქართველოს ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ სიღარიბის აღმოფხვრის მექანიზმებზე, დეცენტრალიზაციასა და განათლების სფეროს განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება .
შეხვედრაზე, ასევე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და არაღიარების პოლიტიკაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ვითარებაზე იმსჯელეს.

















