საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს, უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ვაზისუბნის დასახლებაში სუხიშვილების ოჯახს ეწვია.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით დაიწყო დასაქმების აგენტების მიერ უმუშევართა რეგისტრაცია, რომლის მიზანია დადგინდეს რა პროფესიის, ასაკის და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მქონე ადამიანებს უჭირთ ყველაზე მეტად სამსახურის პოვნა.
მისი თქმით, აქცენტი გაკეთდება მათ პროფესიულ გადამზადებაზე. გარდა ამისა, ამავე ბაზაში განთავსდება მონაცემები არსებული ვაკანსიების შესახებ.
მერაბიშვილის განცხადებით, უმუშევართა და დამსაქმებელთა რეგისტრაციის შედეგად შეიქმნება ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომლის ყველა წევრსაც საკუთარი ელექტრონული მისამართი ექნება და სასურველი ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში, ავტომატურ შეტყობინებას მიიღებს.

















