საქართველოს პრეზიდენტი დღეს სოფელ ცაიშში მცხოვრებ როზა წყაბელიას ეწვია, რომელიც 24 ივლისს სოფელში ჩასულ პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდა,
თუმცა, ის ორმა პირმა ფიზიკური ძალის გამოყენებით თავშეყრის ადგილიდან გაიყვანა. პრეზიდენტმა ამისთვის ქალბატონს ბოდიში მოუხადა.
„მე ვიყავი ძალიან გაბრაზებული და თქვენთან ერთად შეურაცხყოფილი. ვერასდროს ვერავინ ვერ უნდა გაბედოს ჩადგეს ჩემსა და გაჭირვებულ ადამიანს შორის, ვისაც ქვეყნის დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება“ - განაცხადა სააკაშვილმა როზა წყაბელიასთან საუბრისას.
მისი თქმით, სახელმწიფო ყველაზე მეტად ასეთ ადამიანებს უნდა უფრთხილდებოდეს. პრეზიდენტი ოჯახს დახმარებას დაპირდა. მისი თქმით, წყაბელიას ერთ-ერთ შვილიშვილს, რომელიც ეპილეფსიით არის დაავადებული, მკურნალობის კურსი ჩაუტარდება, ხოლო უფროს შვილიშვილს კომპიუტერის გადაეცემა და ფოთში ტექნიკურ სასწავლებელში ისწავლის.
„მე და ჩემი მთავრობა თქვენი და თქვენაირი ოჯახების მთავარი დამცველები ვართ და ვიქნებით, ვინც რა არ უნდა თქვას“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ის ორი თანასოფლელი, რომელმაც როზა წყაბელიას შეურაცხყოფა მიაყენა, უკვე დასჯილები არიან და ეს სამაგლითო იქნება, ყველასთვის ვინც მომავალში დააპირებს პრეზიდენტსა და გაჭირვებულ ხალხს შორის ჩადგეს.
შსს-ს ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ცაიშში მცხოვრები ბაკურ მალიშავა და გია გუგუჩიას დააკავეს. სასამართლომ მათ 15-15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ამასთანავე, შსს-ს გადაწყვეტილებით, სამსახურიდან გათავისუფლდა ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი გელა ნარუშვილი, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო, თუმცა, კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულა და ზემოაღნიშნული ფაქტი არ აღკვეთა.

















