მექსიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტის - Universidad de Valle de México - მიწვევით, მექსიკაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ერისთავმა საქართველოს კულტურისა და ისტორიული წარსულის შესახებ ლექცია წაიკითხა.
საქართველოს ელჩმა საერთაშორისო პროგრამების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს რეგიონის გეო-პოლიტიკური თავისებურებები გააცნო და საქართველოს ეთნო-ლინგვისტურ, კულტურულ და ისტორიულ ასპექტებზე ვრცლად ისაუბრა. მან ყურადღება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიასა და 90-იან წლებში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მოვლენებზე გაამახვილა, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე ისაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ზურაბ ერისთავმა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და ამ თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე და გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს ელჩმა ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.
საქართველოს ელჩმა ასევე, მექსიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები მიმოიხილა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორმა, ანალინ კალაპიზმა საქართველოს ელჩს საპატიო სიგელი გადასცა. თავის მხრივ, საქართველოს საელჩოს სახელით, ზურაბ ერისთავმა უნივერსიტეტს წიგნები გადასცა - თანამედროვე ქართველ ავტორთა ნოველები ესპანურ ენაზე და საინფორმაციო მასალა საქართველოს შესახებ.

















