საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა.
კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახი ყურაშვილმა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების კანონისმიერი ვალდებულებების (must carry-ს) შესრულების თაობაზე საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, შეხვედრას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული თითქმის ყველა კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
შეხვედრა კითხვა–პასუხის ფორმატში გაიმართა და საკაბელო ოპერატორებს სავალდებულო გატარების (ე.წ. must carry-ს) შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.
გარდა ამისა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2012 წლის 19 ივლისს კომისიის უწყებრივ რეესტრში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა პირს და საერთო ლიცენზიის მფლობელ ყველა მაუწყებელს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები წერილობითაც გაუგზავნა.
“Must Carry“-ის შესახებ კანონპროექტის თანახამდ, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი. აგრეთვე, ამ პაკეტში შედის საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის არის ხელმისაწვდომი.

















