მინისტრის რანგში, პოლონეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრმა დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგასთან, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მედიასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა პოლონურ მხარეს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს - სეიმის მიერ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 10 წლის თავთან დაკავშირებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ იმისა, რომ პოლონეთი ყოველთვის იყო საქართველოს ერთგული მხარდამჭერი და როგორც სანდო პარტნიორი, ჩვენი ინტერესების დასაცავად ყველა შესაძლებელ პლატფორმას ყოველთვის იყენებდა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთთანამშრომლობა დღითი-დღე მყარდება და ახალი ერთობლივი ინიციატივების დანერგვის გზით ხარისხობრივად ახალ დონეებზე გადადის. ამ მხრივ დღესაც განსაკუთრებული დღეა, რამეთუ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა მიიღო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, და ნება მომეცით გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულწრფელი მადლობა გადავუხადო პოლონეთის სეიმის წევრებს ამისთვის,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გამოსვლისას მან იაცეკ ჩაპუტოვიჩს, ასევე, მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისში განხორციელებული ვიზიტისთვის გადაუხადა მადლობა, რომელიც აგრეთვე 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენების 10 წლისთავს ეძღვნებოდა.

















