„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ბუნებაში სტაბილურად მხოლოდ მიცვალებული შეიძლება იყოს.
ამის შესახებ მაჭავარიანმა დღეს, IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შეფასებისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის კლებასთან დაკავშირებით, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ „პოლიტიკა ცოცხალი ორგანიზმია და ყოველთვის მოძრაობს“.
„სტაბილურად შეიძლება მხოლოდ მკვდარი იყოს. პოლიტიკა არის ცოცხლი ორგანიზმი და ეს ყველაფერი მოძრაობს. მთავარია, რომ ჩვენ ლიდერები ვართ და ორჯერ ვუსწრებთ ოპონენტებს“ – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კვლევების მიხედვით განსხვავება დიდია, მმართველი პარტია ამით თავს არ იწონებს.
„ჩვენ ამით არ ვტრაბახობთ და სატრაბახოდ არ გავაქს საქმე. მთავრია, რამდენად ადეკვატურები ვართ უმუშევრობის გამკლავებაში, ხელმისაწვდომ ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში და რამდენად მოუტანს სიკეთეს ხალხს ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ“ – მიაჩნია მაჭავარიანს.
IRI-ს კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 43% მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა.
კვლევის შედეგად, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 24%, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ რესპოდენტთა 7% მისცემდა ხმას.

















