პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, გენადი
მარგველაშვილი ყაზახეთის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიება, რომელიც „ინვესტიცია ახალგაზრდებში - არავინ ყურადღების გარეშე“ სახელწოდებით ჩატარდა, სესიების ფორმატით წარიმართა.
კონფერენციის დელეგატებს გენადი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა.
„საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა რეგიონში, რასაც ადასტურებს ტურისტული ინფრასტრუქტურის ზრდა და ტურისტული ნაკადები. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, საქართველოს ხელისუფლება ყოვეწლიურად ცდილობს სათანადო ყურადღება მიაქციოს ამ ტერიტორიებიდან დევნილ მოსახლეობას. ამასთან საზღვრისპირა რეგიონებში ამჯერადაც ადგილი აქვს ოკუპანტების მხრიდან ადამიანთა დატყვევების და გატაცების ფაქტებს, რომელთა შორის არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ მოხუცებიც და ქალებიც არიან. სამწუხაროდ დღემდე გვაქვს ფატალური შემთხვევებიც, როდესაც გატაცება მკვლელობით დასრულდა (ოთხოზორიას და ტატუნაშვილის საქმეები). საქართველო ცდილობს მსოფლიო ცივილურ საზოგადოებას გამჭირვალე და სრული ინფორმაცია მიაწოდოს ამ მიმართულებით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას შეზღუდული აქვს მრავალი უფლება, რომელთა შორის ხაზგასასმელია საკუთარ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სავალალო მდგომარეობაშია როგორც ქართული, ასევე ოსი და აფხაზი მოსახლეობა. იმის გამო, რომ ეს ტერიტორიები გადაიქცა ოკუპანტი ქვეყნის მილიტარისტულ ბაზებად, იგი ახალგაზრდობის განვითარებას ზღუდავს“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
ასტანაში გამართულ კონფერენციას 40 ქვეყნის 100-მდე დელეგატი დაესწრო.

















