საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის შეფასებით, IRI–ს კვლევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მოსახლეობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“.
როგორც მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველ პარტიას მოსახლეობის ასეთი მხარდაჭერა ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოსაგვარებლად.
„სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას უკავშირდება მთავრობის ახალი გეგმა და „ხელშეკრულება საქართველოსთან“, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააფორმა“ – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
რაც შეეხება მმართველი პარტიის რეიტინგის კლებას, მინაშვილს მიაჩნია, რომ ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ საარჩევნო კამპანია არ დაუწყია.
„ჩვენ საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაგვიწყია და შესაბამისად, პროცენტებში მცირედი კლების ტენდენცია ამას უკავშირდება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ აქტიურ საარჩევნო კამპანიას ახორციელებს, ჩვენი მათთან შედარებით ორჯერ მეტი მხარდაჭერა გვაქვს“ – განაცხადა აკაკი მინაშვილი.
IRI-ს კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 43% მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭრდა, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ - 24%, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ - 7%. გამოკითხულთა 21%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას საპარლამენტო არჩევნებზე.
კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 1 500 მოქალაქე გამოიკითხა.

















