საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით
მყოფ წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს (საგარეო საქმეთა მინისტრს), მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრებმა აღნიშნეს ბოლო წლებში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკის ზრდისა და განხორციელებული უმაღლესი და მაღალი და დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობა. ამ მხრივ, განსაკუთრებული მოვლენა იყო 2016 წელს, რომის პაპის, ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მონაპოვარს წარმოადგენს.
შეხვედრაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.
მთავარეპისკოპოს გალაჰერის განცხადებით, წმინდა საყდარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს მტკიცედ უჭერს. მისი თქმით, შემაშფოთებელია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევის ფაქტები - თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევა.
შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მთავარეპისკოპოსმა გალაჰერმა პაპი ფრანცისკეს მიერ თბილისში გაჟღერებული სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობიანი თანაარსებობა სახელმწიფოთა სუვერენული უფლებების პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, წმინდა საყდარი სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ინიციატივებს მიესალმება. აღნიშნულ კონტექსტში, მხარეებმა რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.
მთავარეპისკოპოს გალაჰერის თქმით, თანამედროვე გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე, საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ქვეყნის განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით აღსანიშნავია. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ წმინდა საყდარი საქართველოს მხარს უჭერს და იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროცესი წარმატებით დაგვირგვინდება ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. მთავარეპისკოპოსი გალაჰერი ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდება.
სახელმწიფო მდივანი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს. დაგეგმილია მისი საჯარო ლექცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

















