მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი
ვოლსკი და გერმანიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის სხვა წარმომადგენლები გერმანულ დელეგაციას შეხვდებიან, რომელმაც გერმანიის ბუნდესთაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიისათვის” (IPS) მონაწილეები უნდა შეარჩიოს . დელეგაციას ბუნდესთაგის დეპუტატი, ქალბატონი დორის ბარნეტი ხელმძღვანელობს.
აღნიშნული სტიპენდიის ფარგლებში, 120 სტიპენდიატს მსოფლიოს 42 ქვეყნიდან მომდევნო წლის მარტის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე შესაძლებლობა ექნება, გერმანიის ბუნდესთაგის მიერ სრულად დაფინანსებული სტიპენდიის ფარგლებში გაეცნოს გერმანიის საპარლამენტო სისტემას გერმანიის პარლამენტში. პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესები. სტიპენდიატები იმუშავებენ ბუნდესთაგის ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად შეძლებენ ბერლინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრებას.
პროგრამას პატრონაჟს გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე უწევს და იგი ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება. გერმანიის ბუნდესთაგი მგზავრობის, ბინის, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს გაიღებს.
თბილისში ვიზიტისას დელეგაცია პოლიტიკის, ეკონომიკისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.

















