„ქრისტიან–დემოკრატები“ ხელისუფლებას სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კრედიტების გადახდის ვალდებულების 2–3 წლით გადავადებას სთხოვენ.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა საბიუჯეტო ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, დაზარალებული მოსახლების მიერ აღებულ კრედიტებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას არაადეკვატური მიდგომა აქვს, რადგან მისი ერთი წლით გადავადება დაზარალებულებს მნიშვნელოვან შეღავათს არ მოუტანს.
„გეთანხმებით, სულ არაფერს სჯობია, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გლეხებს დავტოვებთ ბანკებთან სახლების წართმევის პირობებში. გასაგებია, საბანკო სისტემას ვერ მოვთხოთ ამ თანხების ჩამოწერას, მაგრამ თუ სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ამ ვალდებულებას, მაშინ ეს გათვლილი უნდა იყოს 2-3 წელზე, თუ რეალურად გვსურთ ხალხს დავეხმაროთ“ – მიმართა ახვლედიანმა საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობას.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა არ იფიქრებს გლეხებს გრძელვადიანი შეღავათი გაუწიოს, ისინიც იმ ადამიანების ბედს გაიზიარებენ, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგში მთავრობის წარუმატებელი პროგრამების მსხვერპლნი გახდნენ.

















