განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სამი კომიტეტის
გაერთიანებულ სხდომაზე აქცენტი ინკლუზიური კულტურისა და თეატრების ხელშეწყობისა და დაფინანსების აუცილებლობაზე გააკეთა.
კომიტეტის თავმჯდომარემ მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ამ მიმართულების დაფინანსებისთვის ნახევარი მილიონი ლარის გათვალისწინება მოითხოვა.
„განსაკუთრებით გთხოვთ, გარკვეული რესურსების გათვალისწინებას ინკლუზიური კულტურის და ინკლუზიური თეატრების მიმართულებით. ჩვენ გვყავს არაერთი არაჩვეულებრივი მაგალითი ინკლუზიური თეატრის, განსაკუთრებით მინდა „აზდაკის ბაღის“ თეატრი გამოვყო, რომელიც თავისი შინაარსით და მეთოდოლოგიით აბსოლუტურად უნიკალურია და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ მუნიციპალურ დონეზე ამ უნიკალურ დასს უნდა შეუწყოს ხელი, რომ თეატრალური დასის ყოველდღიურ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვა და მათი პროფესიული დასის ხელშეწყობა მოხდეს. ესეც არის საკითხი, რომელსაც ჩვენ სამუშაო ფორმატში აუცილებლად გადავიტანთ და გთხოვთ, ინკლუზიური თეატრის მიმართულებით გარკვეული რესურსების, სულ მცირე ნახევარი მილიონის გათვალისწინება მოხდეს,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

















