ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც
მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს. შეხვედრას, ასევე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, საქართველოში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი, ფრანსუა პეშო დაესწრნენ.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა, მიმდინარე წლის ფისკალური პარამეტრები, ქვეყანასა და რეგიონში არსებული ეკონომიკური დინამიკა და 2019 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები მიმოიხილეს.
ეს სსფ-ის მესამე შემფასებელი მისიაა. როგორც ცნობილია, საქართველომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის პირველი და მეორე მიმოხილვა წარმატებით დაასრულა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირა იმუშავებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისიის წევრების შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

















