სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის პოსტზე დამტკიცების შემდეგ ლაშა თორდია პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თორდიამ თავისი მომავალი საქმიანობის შეფასებისას განუცხადა.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე. 2008 წელს დაიწყო მის გარდაქმნა და ახალი ფუნქციები შეიძინა, მათ შორის პოლიტიკური გაერთიანებების ხარჯების მონიტორინგი. ამ კუთხით პირველი შეთავაზება, რომელიც მექნება პარტიებთან კონსუტაციების გამართვაა, რათა სამართალდაღვევის პრევენცია მოხდეს და არა იძულებითი ღონისძებები“ – აღნიშნა თორდიამ და დასძინა, რომ ის პარტიებს ურთიერთთანამშრომლობის გეგმის შემუშავებას შესთავაზებს.
დეპუტატის თქმით, ის ყველანაირ პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს, რადგან აღნიშნული სამსახური დამოუკიდებელი და არაპოლიტიზირებული უნდა იყოს იმისათვის, რომ დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს.
„სახელმწიფო მონიტორინგის სამსახური რამდენიმე პრინციპზე დაყრდნობით უნდა მუშაობდეს. ეს პრინციპებია – დამოუკიდებლობა, სამართლიანობა, ობიექტურობა და პროფესიონალიზმი“ – აღნიშნა თორდიამ.
მისივე თქმით, აუდიტის სამსახურში ის საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.
სახელმწიფოს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე პარლამენტი ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ლაშა თორდიას დღეს, დღის მეორე ნახევარში დაამტკიცებს.
კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას პირველი მოადგილე ეკა ხერხეულიძე შეასრულებს.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტი ირჩევს.
გენერალურმა აუდიტორმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, რომლის მიზეზად, კახეთში მომხდარი სტიქია და მისი მხრიდან მოსახლეობის დახმარების სურვილი დაასახელა.

















