ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური
შეხვედრების ფარგლებში, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, დენი ალექსანდრს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტორს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, საქართველოში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიმდინარე პროექტები საქართველოში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა მიმოიხილეს.
ფინანსთა მინისტრმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მიმდინარე წლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პრიორიტეტები გააცნო, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის მომავალში კიდევ უფრო გაგრძელდება და ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიმართ ინტერესი გაიზრდება.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოა. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და სხვა წარმოების სექტორში ინვესტირების გზით და სხვადასხვა მრავალმხრივ და ორმხრივ განვითარების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.

















