ხელისუფლების მიერ უცხოური ლობისტური კომპანიების დაქირავების შესახებ პარტიის „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა“ საპატიო თავმჯდომარემ,
ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ წლის განმავლობაში ლობისტებზე 1.56 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, მაშინ, როცა კახეთში სტიქიით დაზარალებული გლეხებისთვის ხელისუფლება „მეტად მცირე თანხებს იმეტებს, ნიშანდობლივია, რომ ხელი მოეწერა ახალ PR კონტრაქტებს”.
„კერძოდ PRIME POLICY GOUP-თან 6 თვიანი კონტრაქტი დაიდო, რომელიც აღემატება 150 000 დოლარს,ხოლო მეორე - GEPHARD GOVERNMENT AFFAIRS ჯგუფთან 180 000 დოლარის ოდენობისაა. ჯამში ამ წლის დანახარჯი ბიუჯეტიდან ლობისტურ ფირმებზე, ოფიციალური მონაცემებით, 1.56 მილიონ დოლარს აღემატება. ამ თანხაში არ შედის ევროპაში სააკაშვილის PR-ზე დახარჯული თანხები“ - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
მისი ინფორმაციით, აშშ-ს კანონმდებლობა ავალდებულებს ლობისტურ ფირმებს, უცხო სახელმწიფოებიდან მიღებული შემოსავალი საჯარო გახადონ.
როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ამ კომპანიების დაქირავების ოფიციალური მიზანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის მიღწევაა.
„ყველამ იცის, რომ ეს საკითხი დიდი ხნით გადავადებულია, ლობისტების აქტიურობის მიუხედავად. ნათელია, რომ ეს ფარია იმ ლობისტური აქტიურობისთვის, რომელსაც სააკაშვილის პირადი იმიჯის გადარჩენა და საარჩევნო პერიოდში ოპოზიციის გაშავება ჰქვია“ - აღნიშნულია ზურაბიშვილის კომენტარში.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა საჯაროდ უნდა გაცხადდეს, საკითხი ოფიციალურად უნდა დაისვას პარლამენტში და უცხოელ პარტნიორებთან, ასევე, განემარტოს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას - რა არის „ამ ხელისუფლების პრიორიტეტი“.
„დროა პასუხი გაეცეს უცხოურ პრესაში დაბეჭდილ და სწორედ ამ ლობისტების მიერ შედგენილ სტატიებს, რომელშიც ივანიშვილს ადანაშაულებენ PR -ზე „თავისი“ ფულის ხარჯვაში, მაგრამ სიტყვას არ ამბობდენ იმ თანხებზე, რაც უკვე რამდენიმე წელია სააკაშვილს პირადი პოლიტიკური დაცვისთვის ჩვენი ბიუჯეტიდან იხარჯება“ - აღნიშნულია განცხადებაში.

















