საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლუქსემბურგში აღმოსავლეთ
პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან საიმონ კოვენისთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრები საქართველოსა და ირლანდიას შორის ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს მიესალმნენ და გამოხატეს მზაობა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. ასევე ხაზი გაესვა ირლანდიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას, ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოხატა ირლანდიის მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველოს ამ პროცესში და გაუზიაროს მას ირლანდიის წარმატებული გამოცდილება ევროინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრაზე საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯები და მიღწეული წარმატება დადებითად შეაფასეს.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრეს. დავით ზალკალიანმა კოლეგას კონფლიქტის დარეგულირების პროცესის, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში მუდმივად იდგეს. ირლანდიის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა, რაც აისახება თანამშრომლობის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
მინისტრები ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის გააქტიურებულ ურთიერთობებს და ორმხრივი ვიზიტების გაცვლას მიესალმნენ. განსაკუთრებით ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ვაჭრობის და თავდაცვის კომიტეტის მიერ 2017 დ 2018 წწ-ში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები აღინიშნა.
შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს ორი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებას ხელი შეუწყონ , რაც თავის მხრივ სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
დავით ზალკალიანმა ირლანდიას საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა კატეგორიაში დასახელების გამო მადლობა გადაუხადა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ირლანდიის მხრიდან საქართველოში არსებული პოლიტიკური და დემოკრატიული გარემოს, ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავალსაზრისით არსებული პროგრესის აღიარება.
მინისტრმა კოლეგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე, „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის“ ინიციატივაზე ინფორმაცია მიაწოდა, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან რეგიონალურ სატრანზიტო და ენერგეტიკულ ჰაბს და ირლანდიის ბიზნეს წრეების შესაძლო დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო გარემოთი.
მინისტრებმა ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანმა ყურადღება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე გამახვილა და კოლეგას ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ გააცნო.

















