პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სხდომის დღევანდელი თემა
სახელწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი შუალედური ანგარიშები იყო.
დეპუტატებმა შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებისგან გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშები მოისმინეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, შუალედური ანგარიშის მომზადება საქართველოს მიერ გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიშის ადამიანის უფლებათა საბჭოში წარდგენის ვალდებულებამ განაპირობა, რომელიც ქართულმა მხარემ 2015 წლის ნოემბერში გამართული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეორე ციკლის ფარგლებში საკუთარ თავზე ნებაყოფლობით აიღო.
”მისასალმებელია პარლამენტის ასეთი აქტიური ჩართულობა ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების წინაშე წარსადგენი სახელმწიფო ანგარიშების მომზადების, შესრულების და მონიტორინგის პროცესში. დარწმუნებული ვარ, პროცესში საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობა კარგ შედეგს მოიტანს,“ - განაცხადა მომხსენებელმა.
სხდომაზე ანგარიშები იუსტიციის, შინაგან საქმეთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საქმეთა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა წარმოადგინეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, კომიტეტი საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში აგრძელებს უწყებების ანგარიშების მოსმენას.
„მნიშვნელოვანია პარლამენტმა საზედამხედველო საქმიანობა გააძლიეროს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. მოხარული ვარ, რომ კომიტეტის დღევანდელ სხდომას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლობით დასწრებას ვხედავ. კომიტეტმა გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული ყველა რეკომენდაცია დაამუშავა და მიმდინარე დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული რეკომენდაცია სრულად ან ნაწილობრივ შესრულებულია. თუმცა, ბუნებრივის, ეს საკმარისი არ არის.
ბევრი სეგმენტი გვრჩება, სადაც ძალისხმევა კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ. იმედი მაქვს, როცა პარლამენტში შემოვა რეკომენდაციების შესრულების ბოლო ანგარიში, მასში ყველა ვალდებულება სრულად გვექნება შესრულებული. ჩვენ ამაში მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს აღმასრულებელ ხელისუფლებას“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

















