საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი დოლიძე ვანუატუს რესპუბლიკას
ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი დოლიძემ სამუშაო შეხვედრები ვანუატუს მოქმედ პრემიერ-მინისტრთან ბობ ლაუგმანთან, პარლამენტის სპიკერთან, ესმონ საიმონთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ალფრედ მაოჰთან გამართა.
მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ასევე ორმხრივი ვიზიტების დინამიკაზე, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, საქართველოს გამოცდილების გაზიარებაზე კარგი მმართველობის, სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელებასა და სამოქალაქო სერვისების სფეროზე ისაუბრეს.
ვანუატუს მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
2013 წელს საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დინამიურად ვითარდება.

















