საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ისრაელში, ქალაქ ლოდში, ქართულმა საკვირაო სკოლამ
ფუნქციონირება დაიწყო.
პირველი გაკვეთილის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში, პაატა კალანდაძემ და დიასპორული ორგანიზაციის „მამულის“ ხელმძღვანელმა, ირაკლი კილაძემ სიტყვით მიმართა .
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ელჩმა ქართულ-ებრაულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა, რასაც საფუძვლად მრავალსაუკუნოვანი კავშირები და ხალხთაშორისი კონტაქტები უდევს. ელჩმა ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავების საქმეში ქართული საკვირაო სკოლის გახნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პაატა კალანდაძემ ისრაელის სახელმწიფოს, ქალაქ ლოდის მერიას და საქართველოს საპატიო კონსულს ბემენი ბენიშს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ქართულ საკვირაო სკოლაში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული ენა, ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და კულტურა შეისწავლონ. სასწავლო პროცესში ამ ეტაპზე 25 მოსწავლეა ჩართული.

















