ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საფრანგეთის სენატის წევრს,
პიერ-ივ კოლომბას შეხვდა.
კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს საფრანგეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მიგრაციის ტენდენციები განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები მიმოიხილა და საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
მხარეებმა საქართველოს მიერ განვითარებისთვის გადადგმული პროგრესული ნაბიჯები დადებითად შეაფასეს, რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება და რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია აღნიშნეს. კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საფრანგეთის მთავრობის განცხადებას გაუსვა ხაზი, როგორც მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ საფრანგეთი რუსეთის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებით მომავალშიც უნდა დაინტერესდეს.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას ევროპულ ქვეყნებში და ქვეყნის პოზიტიური კუთხით წარმოჩენას.
საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის გააქტიურებულ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს, ფრანგული კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტირების საკითხს და ინფრასტრუქტურის განვითარებაში დახმარებას.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის გაცნობის საუკეთესო საშუალება მისი მონახულებაა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ფრანგი ვიზიტორების ზრდაზე და პირდაპირი ფრენების მნიშვნელობაზე ამ ურთიერთობების წახალისებაში. შეხვედრაზე ასევე, საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე და საფრანგეთის სენატში არსებული საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მეშვეობით დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს.

















