„ევროსაბჭოს ტერიტორიაზე არის ქვეყნები, სადაც მონიტორინგი არ ხორციელდება და ევროსაბჭო ამ
ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ზედამხედველობას ვერ ახდენს. ჩვენ შემთხვევაში, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, სადაც არ არსებობს არანაირი დაშვება არც ევროსაბჭოს მომხსენებლების და არც ადამიანის უფლებათა კომისრის“, - განაცხადა სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტზე შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან გაიმართა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე შედგა საუბარი .
„ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ამ ტერიტორიებზე დაშვება მოიპოვონ და ადგილზე ვითარებას გაეცნონ, თუ რა პრობლემები აქვს ადგილობრივ მოსახლეობას და რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. პოლიტიკურად ეს ძალიან რთულია. რუსეთი მათ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ რეალურად ამ ტერიტორიებზე სრული მონიტორინგი განახორციელონ. დღეს გაიმართება სხდომა და მე ვფიქრობ, რომ ევროსაბჭო მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ გაკეთდება აქცენტი და შემუშავდება რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებების მიმართ, რათა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ევროსაბჭოს ჰქონდეს სრული დაშვება და მათ შეძლონ მუშაობა ამ რეგიონებში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

















