სტრასბურგში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საქართველოს
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ურთიერთობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს შორის საკმაოდ დაიძაბა და არის პროცესები, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის წევრებს აწუხებს.
„არავის უნდა, რომ რუსეთი ევროსაბჭოდან გავიდეს, რადგან თუ ეს ასე მოხდება, მასზე სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები აღარ გავრცელდება. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი ევროსაბჭოში დარჩეს, იმიტომ რომ სტრასბურგის სასამართლოს, როგორც მექანიზმის გამოყენება შეგვეძლოს რუსეთის წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ საკმაოდ დიდია ინტერესი, რომ რუსეთი იყოს საბჭოს წევრი და მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსეთზე ვრცელდებოდეს, მაგრამ რუსეთმა თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და მათ შორის, უნდა გადაიხადოს საწევროც. ჯერჯერობით ის ამ პირობებს არღვევს და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, რაღაც მომენტში მისი გარიცხვის საკითხი დადგეს, თუმცა ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაიწყოს “,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რთული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და საპარლამენტო ასამბლეა სწორედ ამ რთული ვითარებიდან გამოსვლას ცდილობდა, როდესაც საპროცედურო ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო.
„მე ვფიქრობ, რომ პროცესი არასწორი მიმართულებით წავიდა. საბოლოო ჯამში, ევროსაბჭომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არ გაიტანა ის რეზოლუცია, რომელიც იყო შემოთავაზებული“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

















