საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს.
სესიის ფარგლებში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტმა საქართველოს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით მორიგი სხდომა გამართა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევები განიხილეს.
„საქართველოს 2016 წლის რეგლამენტის ცვლილებებით აქვს საპარლამენტო ზედამხედველობის ახალი მექანიზმი, რომლითაც აკონტროლებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. ამის გამო, ბოლო ანგარიშებში საქართველოს დადებითი შეფასება აქვს. ბოლო წლებში, ასევე დადებითია დინამიკა გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით საქართველოს მაგალითზე“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
სესიაში, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის უფროსი, ფრედერიკ სანდბერგი, სასამართლოს რეესტრის საქმეთა-მართვისა და სამუშაო მეთოდების განყოფილების უფროსი, პაოლა ტონარელი-ლაკორემ და Redress-ის (გაერთიანებული სამეფოს ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ და მართლმსაჯულების აღსადგენად) დირექტორი, რუპერტ სკილბეკი მონაწილეობდნენ.

















