საქართველოს პრესმიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
მისი საპატიო სტუმრობა საქართველოს ისტორიასა და კულტურაში საეტაპო მოვლენაა.
მამუკა ბახტაძემ ფრანკფურტში, მიღებაზე შეკრებილ სტუმრებთან საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურაზე და იმ წვლილზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანამ ევროპულ ცივილიზაციაში შეიტანა.
„დღეს საქართველო თავის ევროპულ ოჯახს უბრუნდება - ჯერ არა როგორც მისი სრულუფლებიანი წევრი, არამედ როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების საპატიო სტუმარი; ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არის საეტაპო მოვლენა ჩემი ერის ისტორიასა და კულტურაში.
საქართველო უდავოდ საინტერესო ადგილია. სამყარო ყოველდღიურად იცვლება. ცხოვრება გამოწვევებითა და ბარიერებით აღსავსე გარემოში გვიწევს და ზოგმა შეიძლება იდავოს, რომ ამ გამოწვევების გადალახვა სამხედრო ძალით ან ეკონომიკური ბერკეტებით შეიძლება. თუმცა, მინდა გაგახსენოთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში გამონაკლისებიც არსებობს და საქართველო მათ რიგს მიეკუთვნება. ამით ძალიან ვამაყობთ. დღეს ძალიან ემოციურები ვართ. ყველა ქართველის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა, რადგან უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა თქვენთვის წარმოგვედგინა საქართველო და ის წვლილი, რომელიც საერთო ევროპულ ცივილიზაციაში შევიტანეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. როგორც წიგნების გამოფენაზე დღეს ვიხილეთ, ღონისძიების "მთავარი კერძი" მდიდარი ქართული სამზარეულო ან დიდებული ქართული ღვინოა, რომლის დაყენების ტრადიცია ჩვენთან 8 000 წლის ისტორიას ითვლის. თუმცა, მომეცით უფლება, ცოტა სუბიექტური ვიყო ამ საღამოს. ჩემი აზრით, "მთავარი კერძი", რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურაა, რომელიც ქართული თეატრით, ცეკვებითა და სიმღერებით, სახვითი ხელოვნებითა და სხვა შემოქმედებითი დარგებითაა "შეზავებული". შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა, ეს გამოცდილება და ემოციები თქვენთვის გაგვეზიარებინა”, - მიმართა პრემიერმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.
მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ქართველი ერისა და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ იდეის რეალობად ქცევაში მონაწილეობდა მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი, გერმანელ გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჰაინრიხ რითმიულერი, საქართველოს დელეგაციის წევრები, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრები და ქართველი ავტორები დაესწრნენ.

















