საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დიმიტრი მხეიძის, ლევან ბეჟანიძის და მერაბ ქვარაიას
შემადგენლობით, ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდა.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ხანდაზმულთა მოვლის კომიტეტის თავმჯდომარესთან მალგოჟეტა ზვიერჩანთან, სოციალური და ოჯახის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარესთან ბოჟენა ბორის-შოასთან; პოლონეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილესთან ბარტოშ მარცუკთან; ასევე, სოციალური პოლიტიკისა და სოციალური დაზღვევისა და სოციალური დახმარების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან გამართეს.
შეხვედრა შედგა პოლონეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროშიც, დედათა და ბავშვთა დეპარტამენტის დირექტორთან ანნა ვიდარსკასთან და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებთან.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს პოლონეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაცნობა წარმოადგენდა შემდეგი მიმართულებებით: ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკა და შესაბამისი სტრატეგიული ორიენტირები, შობადობის ზრდისა და მრავალშვილიანობის სტიმულირების მექანიზმები, ოჯახის დაგეგმვის სრულყოფისკენ მიმართული ღონისძიებები და ხანდაზმულთა პოლიტიკის პრინციპები და მათი სოციალური დაცვის მექანიზმები.
შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფო პოლიტიკასა და მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებზე, დადებით მხარეებსა და არსებულ გამოწვევებზე, ასევე მათი დაძლევის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ელჩის ილია დარჩიაშვილის ორგანიზებითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

















