საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი დოლიძე (რეზიდენციით კ. კანბერაში)
ოფიციალური ვიზიტით ვანუატუს რესპუბლიკას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი დოლიძემ ვანუატუს რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ესმონ საიმონს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია ქალაქ პორტ ვილაში, სახელმწიფო მეთაურის რეზიდენციაში გაიმართა.
საქართველოს ელჩმა ვანუატუს მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, რომელიც პროგრესულად ვითარდება.
თავის მხრივ, ესმონ საიმონმა ქართულ მხარეს სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში ვანუატუს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაში მზადყოფნა გამოთქვა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ვანუატუს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქ. პორტ ვილაში აკრედიტებულ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს გამართავს.

















