საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ნატო და ამერიკის შეერთებული
შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის რეფორმას უმაღლეს შეფასებას აძლევენ.
„ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების უპრეცედენტოდ მაღალი შეფასებები აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ბატონ მატისისა და ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი უპრეცედენტო მხარდაჭერა ფიქსირდება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის უდიდესი პრაქტიკული შედეგები მოაქვს. შეერთებული შტატების მხარდაჭერით დაწყებული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ისტორიული პროგრამა, რომლის ფარგლებში უნდა მომზადეს და აღიჭურვოს 9 სამანევრო ბატალიონი, საერთაშორისო წვრთნების უპრეცედენტოდ გაზრდილი დინამიკა და ამერიკის შეერთებული შტატებისაგან მიღებული ჯაველინების უახლესი ტანკსაწინააღმდეგო სისტემები ლევან იზორიას მიერ განხორციელებული რეფორმების პირდაპირი შედეგია.
მნიშვნელოვანია, რომ ყურდღება არ მიექცეს ბოლო პერიოდში სამინისტროს მისამართით დაუსაბუთებელ და პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიებს, არ შეფერხდეს აღნიშნული რეფორმების დინამიკა, მოხდეს ყველა ამ რეფორმის გაგრძელება და მიღწეული აღიარების შენარჩუნება, რაც, დარწმუნებული ვარ, გრძელვადიანი მზადყოფნის განვითარებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისათვის მტკიცე საფუძველს შექმნის“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

















