logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
21:34 05.10.2018
საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წესდების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრიან კანდუმ და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ ანდრი პარუბიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამი ქვეყნის თანამშრომლობამ ინსტიტუციური ხასიათი მიიღო.



„ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს ძალიან სერიოზული ისტორიული ურთიერთობები, გვაქვს ისტორიული საფუძველი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ თანამშრომლობისთვის მიგვეცა ინსტიტუციური ხასიათი. სწორედ ამას ემსახურება ერთობლივი ასამბლეის შექმნა.



მოხარული ვართ, რომ დღეს საბოლოოდ გაფორმდა ჩვენი გადაწყვეტილება ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე: საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების თაობაზე. ეს იდეა, დაახლოებით ერთი წლის წინ, ერთად განვიხილეთ, როდესაც სამი პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი შეხვედრა შედგა. მას შემდეგ გაიმართა არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა ჩვენი მონაწილეობით, სადაც, საბოლოო ჯამში, დამუშავდა ეს გადაწყვეტილება და დღეს, მოხარული ვართ, რომ თბილისი მასპინძლობს ღონისძიებას, სადაც საბოლოოდ ფორმდება საპარლამენტო ასამბლეის შექმნა და სადაც უკვე გაიმართება პირველი დისკუსიები ამ ფორმატში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ურთიერთობების გაღრმავებისთვის სამ ქვეყანას აქვს ისტორიული საფუძველი და მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობისთვის ინსტიტუციური ხასიათის მიცემა. მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას საერთო მიზნები და გამოწვევები აქვთ.



„ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს ძალიან სერიოზული ისტორიული ურთიერთობები, გვაქვს ისტორიული საფუძველი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ეს არის, ასევე, ისტორიული ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ თანამშრომლობისთვის მიგვეცა ინსტიტუციური ხასიათი. სწორედ ამას ემსახურება ერთობლივი ასამბლეის შექმნა. ჩვენ გვაქვს როგორც საერთო გამოწვევები, ასევე, საერთო მიზნები და ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ჩვენს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენი საერთო გამოწვევები დაკავშირებულია, მათ შორის, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასთან. გვაქვს, ასევე, საერთო მიზანი და საერთო მიზანი, უპირველეს ყოვლისა, გახლავთ ჩვენი ქვეყნების განვითარება და ჩვენი ქვეყნებისთვის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება სამ ქვეყანას შორის და ამას, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა დღეს მიღებული, ამას ხელს შეუწყობს ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს - ანდრიი პარუბის და ანდრიან კანდუს მადლობა გადაუხადა.



მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს - ანდრიი პარუბის, რომელმაც პირველად დაიწყო საუბარი ასეთი ტიპის ინსტიტუციური თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე, მინდა, მადლობა გადავუხადო ანდრიან კანდუს, რომელიც თავიდანვე, ჩემს მსგავსად, ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ამ ინიციატივას და საბოლოო ჯამში, სწორედ ამ ენთუზიაზმის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივი ასამბლეის დაფუძნების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან მჭიდრო, შედეგზე ორიენტირებული და ამის გარანტია არის, რა თქმა უნდა, ისტორიული კავშირი ჩვენს ხალხებს შორის, ისტორიული მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის და ამის გარანტია არის, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხების წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, ანდრიან კანდუს განცხადებით, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნა წინგადადგმული ნაბიჯია, რაც მომავალში სამივე ქვეყანს დაეხმარება კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევაში.



„ჩვენ შევძელით განგვეხორციელებინა ის, რაზეც კიშინეუში ვისაუბრეთ და შემდგომ კიევში გვქონდა შეხვედრები. საბოლოო ჯამში, დღეს თბილისში მოვაწერეთ ხელი ოფიციალურად წესდებას, რომლითაც დაფუძნდა საპარლამენტთაშორისო ასამბლეა და ჩატარდა პირველი სესია.



ამ მოვლენის უკან დგას ის იდეა, რაც სამივე ქვეყანას სჭირდება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს საერთო გამოცდილება და საერთო გამოწვევები, ყველანი ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები, სამივე ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით და ჩვენ სამივეს გვაქვს წარმატებები რეფორმების თვალსაზრისით. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ერთნაირი გამოწვევები რაც შეეხება ჩვენ რეგიონში უსაფრთხოებას. კერძოდ, ეს არის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული უსაფრთხოება, ეს არის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ის საფრთხეები, რომელიც გვემუქრება კიბერუსაფრთხოების სფეროში და ასევე, დეზინფორმაციის პრობლემა.



ეს პლატფორმა ჩვენ დაგვეხმარება, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და ვიპოვოთ გამოსავალი, თუ როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი სამივე ქვეყნის უსაფრთხოება, რომ უფრო სწრაფად შევძლოთ ევროკავშირში გაწევრიანება.

მინდა ხაზი გავუსვა ევროკავშირის, კერძოდ ევროპარლამენტარების, ექსპერტების და თანამდებობის პირების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას ჩვენს მიმართ.

ჩვენ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ამ თემებზე. იმედი მაქვს, რომ ის რაც ჩვენ დავიწყეთ, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ“,-განაცხადა მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრიან კანდუმ.



უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ ანდრი პარუბის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წესდების ხელმოწერას წინ უძღვოდა ხანგრძლივი სამუშაო.



„პირველად რომ შევხვდით ვარშავაში, ძალიან სწრაფად დავინახეთ იმის საჭიროება, რომ ჩვენ შორის არ უნდა ყოფილიყო პერიოდული კონტაქტები, არამედ ჩვენი თანამშრომლობა უნდა გადასულიყო ინსტიტუციურ დონეზე. უკრაინას ამ მიმართულებით გააჩნია თავისი გამოცდილება. უკვე მოქმედებს პოლონეთის, უკრაინისა და ლიტვის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა. დღეს, ჩვენ საფუძველს ვუყრით ჩვენს ურთიერთობებს, ვდგამთ პირველ ნაბიჯებს და დარწმუნებული ვარ, რომ წინ გველოდება ძალიან ბევრი ამოცანა“,-განაცხადა ანდრი პარუბიმ.



მისივე თქმით, ვაშინგტონში სამივე ქვეყნის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთიანი სტრატეგიული ცენტრის შექმნას ჰიბრიდული აგრესიის წინააღმდეგ, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა.



„ეს არის ძალისხმევების კოორდინაცია ყველანაირი საფრთხის წინააღმდეგ. ეს არის არა მხოლოდ სამხედრო საფრთხე, არა მხოლოდ საოკუპაციო ჯარი, ეს არის კიბერუსაფრთხოება, ეს არის საინფორმაციო უსაფრთხოება, ჰუმანიტარული უსაფრთხოება. ჩვენ ვიცით, რომ როცა ვისაუბრებთ ერთი ხმით ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში და ამერიკაში, ჩვენს ხმას უფრო კარგად გაიგონებენ. ეს არის ჩვენი მიზანი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია. როგორც ბატონმა ირაკლიმ თქვა, ჩვენ საერთო გამოწვევები და საერთო მომავალი გვაქვს და როცა ვისაუბრებთ ერთი ხმით, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები უფრო სწრაფად და უფრო უკეთესად გაიგონებენ ჩვენს ხმას.



დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად უფრო სწრაფად მივაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს - ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ერთობლივად ვასრულებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, ვახორცილებთ ძალიან რთულ რეფორმებს. ჩვენ ერთმანეთთან უნდა გავმართოთ კონსულტაციები, ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ, რომ გვქონდეს არა კონკურენციის შეგრძნება, არამედ იყოს თანამშრომლობის და მხარდაჭერის შეგრძნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეფექტურად გავივლით ამ გზას“,-აღნიშნა უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა