სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს ლაშა თორდიას პარლამენტის
რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ხვალ დაამტკიცებენ.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თორდიას კანდიდატურას ხვალ სხდომის დაწყების წინ ბიუროს სხდომაზე წარადგენს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ლაშა თორდია პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთანაც გამართავს შეხვედრას, თუმცა, ოფიციალური კომენტარები აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე არ კეთდება.
ლაშა თორდია ამ დროისთვის პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა.
თორდიას ადგილს ადამიანის უფლებათა კომიტეტში სავარაუდოდ მისი პირველი მოადგილე ეკა ხერხეულიძე დაიკავებს.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პარლამენტი ნიშნავს.
გენერალურმა აუდიტორმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა, რომლის მიზეზად, კახეთში მომხდარი სტიქია და მისი მხრიდან მოსახლებისთვის გვერდით დგომა დაასახელა.

















